ელიფ შაფაქი - სიყვარულის ორმოცი წესი
29, Tbilisi, Georgia

" ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშითა და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ."

ადამიანებს ხომ ასე სჩვევიათ: თუ რამე არ ესმით, აუცილებლად კბილი უნდა გაგკრან.

"ჭეშმარიტებისკენ გზის გაკვლევა გულის საქმეა და არა - გონებისა. უპირველეს მეგზურად სწორედ გული უნდა გაიხადო. მედგრად დაუდექ შენს ნაფსს, შეერკინე და გულით აჯობე. როცა საკუთარ "მეს" შეიცნობ, შეიცნობ ღმერთსაც!"

"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ ან სად ვცხოვრობთ, ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა. თითქოს რაღაც დავკარგეთ და მის დაბრუნებას ვლამობთ. მაინც რას ვისაკლისებთ? ამას ცოტა ვინმე თუ გაიგებს ალბათ, და ვინც გაიგებს , მათგან ერთეულებს თუ ეყოფათ ძალა ძიების გზას დაადგნენ."

ქალაქი ცოცხალ არსებას ჰგავს, მან ჯერ ბავშვობა უნდა გამოიაროს, შემდეგ მოწიფულობა, შემდეგ - სიბერე, ბოლოს კი სიკვდილი არ ასცდება!

მაძიებელი ყოველთვის ვერ პოვებს, მაგრამ მხოლოდ ის პოვებს, ვინც ეძიებს.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს უმოგზაურიათ, მაგრამ სამყარო, დიახაც , უნახავთ.

მართალია სანთელი გზას გვინათებს, მაგრამ თუკი დაგვავიწყდა საით მივდივართ, სანთელი რაღას გვიშველის?

"ნუ განსჯი ადამიანებს იმისათვის, თუ ვინ როგორ ამყარებს კავშირს უფალთან... ... ყველა თავისებურად ლოცულობს. ღმერთი ჩვენ სიტყვებს კი არ უკირკიტებს, ის ჩვენი გულის სიღრმეში იხედება. მთავარი რიტუალი კი არ არის, არამედ ის, სუფთაა თუ არა ჩვენი გული."

"ღმერთის შეცნობა ყოველი არსი და უსულო საგნის მეშვეობით შეიძლება. ნურავის ჰგონია, რომ ღმერთი მეჩეთის, სინაგოგისა თუ ეკლესიის კედლებშია გამომწყვდეული, მაგრამ თუკი არ დაიშლი და მაინც მოინდომებ, გაიგო სად არის მისი სამყოფელი, ერთადერთ ადგილას ეძებე იგი: ჭეშმარიტად მოსიყვარულე გულში. არავინ არის ისეთი, ვინც მისი ნახვის შემდეგ აღესრულა. ვინც მას ჰპოვებს, სამუდამოდ მის გვერდით დარჩება. "

- ადამიანმა, ცხადია, უნდა ასაზრდოოს თავისი გონება, მაგრამ ამავე დროს, მის დანაგვიანებას უნდა მოერიდოს. გონება და სიყვარული სხვადასხვა მასალისგან არის შექმნილი, გონება ადამიანებს ბოჭავს, მაგრამ არაფერს კარგავს, სიყვარული კი ყველა ბორკილს ამსხვრევს და ყველაფრის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. გონება ყოველთვის გეუბნება: ფრთხილად, ზედმეტ გზნებას ერიდე!" სიყვარული კი ამბობს: ნუ კრთი, იყავი თამამი! გონებას ადვილად ვერ გასტეხ, სიყვარული კი ერთი ხელის მოსმით შეიძლება შემოგეფშვნას ხელში. მაგრამ განძი სწორედ ნანგრევებში იმალება. განძს შემუსრული გული ინახავს!"

"მარტოობა და განმარტოება სხვადასხვა რამ არის. მარტოკაცს თავის მოტყუება უწევს, აქაოდა , სწორ გზას ვადგავარო; ისევ განმარტოება გიჯობს, ამ დროს მატო ხარ, მაგრამ მარტოსული მაინც არ გქვია. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს ის აჯობებს, იპოვო ადამიანი, რომელიც შენი სარკე გახდება. დაიმახსოვრე, მხოლოდ სხვა ადამიანის გულში დაინახავ შენს ნამდვილ სახეს და შენში ღვთის არსებობას."

"რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორაც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი.

ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის!

იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა დალხინებული ხარ. სუფი მხოლოდ იმისთვის კი არ არის მადლიერი, რაც მიეცა, არამედ იმისთვისაც, რაზეც უარი მიიღო."

"მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთმინება შორსმჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გვარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკალს რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ. მოუთმენლობა კი სიბეცეა, შედეგის განჭვრეტის უუნარობაა.ღვთის მოყვარულთ მოთმინება არასოდეს ელევათ, რადგან იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო სჭირდება."

იმდენი ხანია ღვთის კარზე არ მიკიკაკუნებია, რომ უკვე მეეჭვება, ისევ იქ ცხოვრობს თუ არა.

ვირი შეიძლება წყალთან მიიყვანო, მაგრამ წყალს ძალით ვერ დაალევინებ. ვირს წყალი უნდა მოსწყურდეს. სხვანაირად არ გამოვა.

"არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, აღმოსავლეთისკენ აიღებ გეზს თუ დასავლეთისკენ. ჩრდილოეთისკენ თუ სამხრეთისკენ. მხოლოდ ერთ რამეში უნდა იყო დარწმუნებული: ნებისმიერი მოგზაურობა არის მოგზაურობა საკუთარ თავში. თუ საკუთარ თავში მოგზაურობ, მთელ ქვეყნიერებას მოივლი და მის სამანებსაც კი გაარღვევ."

"ბებიაქალმა კარგად იცის: ტკივილის გარეშე ბავშვი დედის საშოდან ვერ გამოაგნებს და ვერ დაიბადება. ვერც შენი ახალი მე დაიბადება სიძნელეების გარეშე. თიხას გამოსაკვერად დიდი სიმხურვალე სჭირდება. ასეა სიყვარულიც: მან დიდი ტკივილი უნდა გამოიაროს, რომ სრულყოფას მიაღწიოს."

"სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგნულ ფერისცვალებას."

"ყალბი გუურებისა და ვითომ მოძღვრების რიცხვი ვარსკვლავების რიცხვს აჭარბებს. ჭეშმარიტ მოძღვარში ნუ შეგეშლება ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავზე გადაგებული ადამიანი. ნამდვილი სულიერი მოძღვარი საკუთარი თავისკენ როდი მიიპყრობს შენს ყურადღებას, სრულ მორჩილებას და აღტაცებას როდი მოგთხოვს, არამედ დაგეხმარება, ჯეროვნად შეაფასო შენი სულიერი რაობა და პატივით მოეპყრა მას, ჭეშმარიტი მოძღვარი მინასავით გამჭვირვალეა და ღვთიურ შუქს მინასავით ატარებს."

- რა უფლება გვაქვს, ერთმანეთს ვუკირკიტთ, ვინ როგორი მორწმუნე ვართ?

თუნდ მარკო პოლოსავით ქვეყანა მოიარო, თუნდ აკვნიდან სამარემდე ერთ ადგილს არ მოსცილდე, ცხოვრება მუდამ დაბადებისა და სიკვდილის მონაცვლეობაა. უკან მოტოვებულ, მკვდარ წამს ახალი, ცოცხალი წამი ენაცვლება. იმისთვის, რომ ახალი განცდა დაიბადოს, ძველი უნდა მიილიოს, ასე არ არის?

რა სჯობს, როცა ადამიანები ქადაგების ხელოვნებას გიქებენ და გეუბნებიან, რომ შენმა სიტყვებმა მათი ცხოვრება შეცვალა, თანაც ისეთ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ შენი მეგზურობა.

"არ შეეწინააღმდეგო ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაგხვდება. იდინოს ცხოვრებამ. წინ ნუ გადაეღობები. თუ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა, ნურც ეგ შეგაკრთობს. კარს მომდგარ სიახლეს რად უნდა ამჯობინო ის, რასაც უკვე შეჩვეული ხარ? განა არ იცი, რა სჯობს სინამდვილეში?"

"ღმერთი შენს სრულყოფას ცდილობს. გარეგანი სრულყოფაც იგულისხმე და შინაგანიც. ის მთლიანად შენითაა დაკავებული. ყოველი ადამიანი მიმდინარე სამუშაოა რომელიც ნელა, მაგრამ განუხრელად მიიწევს სრულყოფილებისაკენ. ყველა ჩვენგანი ჯერაც დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ელის და მიელტვის სრულქმნას. ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ცალ-ცალკე "მუშაობს," რადგან კაცობრიობა არის ნატიფი ნახელავი, ოსტატური ხელნაწერი, სადაც თითოეული წერტილი თანაბრდ მნიშვნელოვანია ერთიანი სურათის მისაღებად."

- ბედნიერებას ადამიანი მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა ეთვალთმაქცებიან, სიმართლე გულს არავის უხარებს.

წელიწადში ერთხელ ადამიანები ზურგს არ აქცევენ მათხოვრებს. პირიქით, ეძებენ. თანაც რაც უფრო დაბეჩავებულია ადამიანი, მით უფრო ხელსაყრელია მათთვის. ამ დროს ისე სჭირდებათ გულუხვობითა და ქველმოქმედებით თავის გამოჩენა, რომ მარტო მოწყალების გაღებით კი არ კმაყოფილდებიან, იმ ერთიდღით ლამის შეგიყვარონ კიდეც.

"ადვილია, გიყვარდეს ყოვლად სრული ღმერთი - სპეტაკი და შეუცდომელი. ბევრად უფრო ძნელია, გიყვარდეს მოძმე შენი - ადამიანი, უამრავი ზადის მქონე. გახსოვდეს, რომ მხოლოდ მისი შეცნობა შეგიძლია, რისი შეყვარების უნარიც გაქვს. არ არსებობს სიბრძნე სიყვარულის გარეშე. სანამ ღმერთის ქმნილების სიყვარულს არ ისწავლი, ვერც ღმერთის შეყვარებას და შეცნობას შეძლებ."

"ნამდვილი სიბინძურე ის არის, რაც შიგნით გაქვს., სხვა დანარჩენი წყალს გაჰყვება. სიბინძურის ერთადერთი სახეობა არსებობს, რომელსაც სუფთა წყლით ვერ ჩამოირეცხავ, ეს არის სიძულვილი და შეუწყნარებლობა, რომელიც სულს ანაგვიანებს. შენ შეგიძლია , ხორციელად განიწმინდო თვითგვემითა და მარხვით, მაგრამ შენი გულის ჭეშმარიტი განსპეტაკება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია."

ღვთის პოვნის სურვილი ნებისმიერი ადამიანის გულში ცოცხლობს,, მეძავი იქნება იგი თუ წმინდანი. სიყვარული თითოეულ ჩვენგანში დაბადებიდან იბუდებს და ელის, როდის აღმოაჩენენ.

"მთელი ქვეყნიერება მოქცეულია ერთ ადამიანში - შენში. ყველაფერი, რასაც ირგვლივ ხედავ , მათ შორის ბევრი ისეთი რამ, რაც არ მოგწონს და ზიზღსა გგვრის , სხვადასხვა სახით შენშიც ძევს. ამიტონ ნუ ეძებ შაითანს სადღაც სხვაგან. ეშმაკი რაღაც განსაკუთრებული ძალა კი არ არის, რომელიც გარედან გიტევს, არამედ შენივე შინაგანი ხმაა. თუ შენს თავს ბოლომდე შეიცნობ და თვალს პატიოსნად და წარბშეუხრელად გაუსწორებ საკუთარ ავსა და კარგს საბოლოოდ გაფაქიზებული , უმაღლესი გონის პატრონი ხდები. როცა ადამიანი შეიცნობს თავის თავს, ის შეიცნობს ღმერთსაც."

ბევრი ფიცი და მტკიცი არ სჭირდება იმას, რომ საროსკიპოებიც უხსოვარი დროიდან არსებობს და ჩემისთანა ქალებიც. მაგრამ ერთი რამ მაოცებს: ადამიანებს, რომ ჰკითხოთ, ქალი ამ ხელობისთვის არ ემეტებათ, არადა, თუ მოინანიე და ცხოვრების ხელახლა დაწყება მოინდომე, გასაქანს არ გაძლევენ. თითქოს გეუბნებიან: "თქმა არ უნდა, ცოდო ხარ, ასე რომ გაისვარე და დაეცი, მაგრამ სხვა გზა არა გაქვს, სამუდამოდ ამ ლაფში უნდა დარჩე." (მეძავი)

- გამოდის, რომ მეჩეთში ადამიანებს მეტ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე ღმერთს! თქვენ რომ ისეთი კეთილმორწმუნეები იყოთ, როგორადაც თავი მოგაქვთ, მას მაშინაც კი ვერ შეამჩნევდით , შიშველი რომ ყოფილიყო!

- აი ზუსტად ამიტომ მეზიზღება ყველანაირი სარწმუნოება! ამ მორწმუნეებს ღმერთი სულ თავის გვერდით ეგულებათ და ყველას ზემოდან გადმოჰყურებენ. (ლოთი)

- რატომ გგონია, რომ ის კაცები, შენ რომ მეჩეთიდან გამოგაგდეს, ღმერთთან უფრო ახლოს არიან?

"თუ გსურს, შეცვალო სხვების დამოკიდებულება შენდამი, პირველ რიგში შეცვალე შენი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. სანამ საკუთარი თავის გულწრფელ სიყვარულს არ ისწავლი, ვერავინ შეგიყვარებს. მაგრამ თუ ერთხელ მიაღწიე ამ საფეხურს, იყავი მადლიერი ყოველი ეკლისათვის, რომელსაც მოიხვედრებ და კეთილი საზღაური არ აგცდება: საბოლოოდ ვარდების ზღვაში იბანავებ."

- წარსული ერთი დიდი მორევია. თუ მას შენს აწყმოზე გააბატონებ, ჩაგითრევს. .... დრო ცრუ, წარმოსახვითი ცნებაა. მხოლოდ ამ წუთით უნდა იცხოვრო. ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

- ნუ მიჰყვები დინებას. თავად იყავი დინება.

"ღმერთს ხატად თვისად შევუქმნივართ ყველანი, თავისებურად განუმეორებლები ვართ, დედამიწის ზურგზე ორი ერთმანთის მსგავსი ადამიანი არ მოიძებნება, ორი გულიც აკი არ ძგერს ერთი რიტმით. არსთგამრიგეს რომ ჩვენი ერთნაირობა ნდომებოდა, ყველას ერთნაირებად გაგვაჩენდა. ამიტომ ვინც განსხვავებას პატივს არ სცემს და თავის აზრს სხვებს ახვევს, პირველ რიგში ღვთიურ წესრიგს არ უწევს ანგარიშს."

- ადამიანი მორწმუნე ერთ დღეში არ ხდება. თავიდან მას თავი მორწმუნე ჰგონია. მერმე რაღაც ხდება მის ცხოვრებაში, ისეთი, რაც რწმენას აკარგვინებს; მერმე კვლავ მორწმუნე ხდება და ასე შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვმერყეობთ, სანამ გარკვეულ საფეხურს არ მივაღწევთ. წინსვლის ერთადერთი გზა მხოლოდ ეს გახლავს, თითოეული ახალგადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტებასთან გვაახლოებს.

"როცა ღვთის ჭეშმარიტი მოყვარული დუქანში შედის, დუქანი ხდება მისი სამლოცველო, მაგრამ როცა იმავე სამლოცველოში ლოთი შედის, იგი მისი დუქანი ხდება. რასაც უნდა ვაკეთებდეთ , გულია მთავარი და არა - გარეგნობა. ოცა სუფი ადამიანს აკვირდება, გარეგნობით და ვინაობით როდი აფასებს მას. სუფი ორივე თვალს ხუჭავს. ამ დროს მესამე თვალი ეხილება და სწორედ მესამე თვალით ხედავს მისი სულის საუფლოს."

ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, შეიცნობს ღმერთს.

"წუთისოფელი სესხად გვეძლევა. ეს ქვეყანა არაფერია, თუ არა რეალობის ზერელე მიბაძვა. მხოლოდ ბავშვი ვერ არჩევს სათამაშოს ნამდვილი ნივთისგან. და მაინც, ადამიანებს ასე სჩვევიათ: სათამაშო ან მეტისმეტად გაიტაცებთ ხოლმე , ან დაუდევრად მოისვრიან მას სანაგვეზე. თავი აარიდე ყველანაირ უკიდურესობას, თორემ შინაგანი წონასწორობა დაგერღვევა.

ორატორის ხელოვნებას საბოლოოდ მაინც მისი მსნენელის გონებრივი შესაძლებლობები განსაზღვრავს.

ნამდვილი გამოცდა ის არის, როცა კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად შეიყვარებ; განა იმიტომ, რომ ავსა და კარგს ვერ არჩევ, არამედ იმიტომ, რომ ამ განსაზღვრებებზე მაღლა უნდა დადგე და სიყვარული მთლიანად, თავისი ავითა და კარგით მიიღო.

ღვთის სიყვარული უნაპირო ოკეანეა. მოკვდავნი ცდილობენ, ამ ოკეანიდან რაც შეიძლება მეტი წყალი ამოიღონ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ჭურჭლის ზომაზეა დამოკიდებული. ზოგს კასრი უპყრია ხელთ, ზოგს - სათლი, ზოგს კი - მხოლოდ თასი.

." ენა ჭეშმარიტებას კი არ ავლენს, პირიქით, მალავს. შედეგად ვიღებთ გაუგებრობებს, რომელთა მსხვერპლი არაერთი ადამიანი გამხდარა. რა საგანზეც უნდა წამოიწყო საუბარი, მას ყოველთვის აძნელებს და ბუნდოვანს ხდის ენობრივი შეუსაბამობები. აკვიატებული მოსაზრებებიც ხშირად უბრალო გაუგებრობიდან აღმოცენდება. ამიტომ ზედმეტი სიხისტე საჭირო არ არის, რადგან თუ მართლა ცოცხალი ხარ, ეს ყოველწამიერ ფერიცვალებას გულისხმობს."

ზღვარი ქრისტიანობასა და ისლამს შორის (თუკი ის მართლაც არსებობს) გაცილებით უფრო ადვილად გადასალახია, ვიდრე ორივე სარწმუნოების ღვთისმეტყველებს ჰგონიათ.

თუ კარგად ჩაუღრმავდები, რიგით ქრისტიანსა და რიგით მუსლიმანს მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ორივე მხარის ღვთისმეტყველთ.

ამბობენ, ქრისტიანად მოქცეული მაჰმადიანისათვის ყველაზე ძნელი სამების აღიარებაა, მაჰმადის სჯულზე მოქცეული ქრისტიანისთვის კი - სამების უარყოფაო.

სიტყვა "რწმენა" , თუ მას სარჩულად სიყვარული არ უდევს, ერთი რიგითი , დუნე , უსიცოცხლო და ფუყე სიტყვაა, რომელიც გულიდან არ მოდის.

"ღვთის შექმნილ არსთა შორის ადამიანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აკი ამბობს უფალი: "მე მას ჩავბერე სული ჩემი". თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნად ღვთის წარმოგზავნილია. ჰკითხე შენს თავს, ხშირად იქცევი, როგორც ღვთის წარგზავნილი? თუკი საერთოდ იქცევი ასე ოდესმე, გახსოვდეს, თითოეულმა ჩვებნგანმა საკუთარ არსებაში უნდა აღმოაჩინოს ღვთიური სული და მისი კარნახით იცხოვროს."

იმის მაგივრად, რომ ღვთის სიყვარულში მთლიანად დაინთქან და საკუთარ თავკერძობას ომი გამოუცხადონ, ბრმადმორწმუნენი სხვა ხალხებს ებრძვიან და ჩვენ ირგვლივ შიშის ზვირთებს აგორებენ, ხოლო როცა სამყაროს შეშინებული თვალებით უმზერ, ყოველთვის დაინახავ ისეთ რამეს, რაც შიშს მოგგვრის.

რწმენას აქვს ერთი თვისება: ცალკეულ ხეებს ხედავ და არა - მთელ ტყეს. რელიგია გაცილებით დიდი და ტევადია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ერთობლიობა. ცალკეული წესები მთლიანის გათვალისწინებით უნდა წაიკითხოთ. მთლიანი კი არსში იმალება.

"ჯოჯოხეთი აქვე, ახლოს არის. იგივე ითქმის ზეციურ სავანეზეც. ნუ გეშინია ჯოჯოხეთის, ნურც სამოთხეზე ოცნებობ, რადგან ორივე ისევ და ისევ შენშია და არა სადმე სხვაგან. როცა გვიყვარს, ზეცად სწორედ მაშინ ვმაღლდებით. გეენაში კი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი გვაგდებს."

განა ჯოჯოხეთურ სატანჯველზე ბევრად უარესი არ არის განცდა კაცისა , რომელმაც გულის სიღრმეში კარგად იცის, რომ სასტიკად შესცოდა? ჰკითხეთ ასეთ კაცს. ის გეტყვით, რა არის ჯოჯოხეთი.

განა სამოთხის განცხრომაზე უტკბესი არ არის განცდა კაცისა იმ იშვიათ წუთებში, როცა სამყარო ანაზდად თვალწინ გადაუშლის თავის დახშულ საგანძურს და მარადისობის ყველა საიდუმლოს ნაზიარებ, ღმერთთან საბოლოოდ შერწყმულ ადამიანად აგრძნობინებს თავს? ჰკითხეთ ამ ადამიანს. ის გეტყვით, რა არის სამოთხე.

სიყვარული არის მიზეზი. სიყვარული არის მიზანი.

."არც ქრისტიანი, არც იუდეველი, არც მუსლიმი, არც ჰინდუისტი, არც ბუდისტი და არც სუფი. არც ერთ სარწმუნოებას არ ვეკუთვნი, არც ერთ კულტურას. არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს. ადგილი ჩემი არის უადგილო. კვალი ჩემი არის უკვალო."

არაფერი გაკლია თითქოს. ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია, სანამ მოვა ისე ერთი ვინმე და მიგახვედრებს, რა გაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც სარკე ნაკლს უფრო ირეკლავს, ვიდრე ღირსებას, ასეა ის ვინმეც - საკუთარ სულში ჩაგახედებს და დაგანახებს, რომ ის გაუდაბურებულია, შენ კი ამის აღიარება აქამდე არა და არ გსურდა. ეს ვინმე შეიძლება საყვარელი მეგობარი იყოს შენი, ან სულიერი მოძღვარი, ზოგჯერ კი სულაც ბავშვი, რომელსაც პატრონობ და არ უვლი.

მთავარი კი ის არის, რომ როგორმე პოვო სული, რომელიც შენსას შეავსებს. ყველა წინასწარმეტყველი გვირჩევდა: "პოვე ვინმე, ვინც შენი სარკე იქნება!"

განა შეიძლება სიყვარულის აღქმა, თუ თავად არ გიყვარს?

სიყვარული ახსნას გაურბის. მისი განცდა შეიძლება მხოლოდ.

სიყვარული გაუგებარია და მაინც... ის ყველაფერს გასაგებს ხდის."

- ყურანი მორცხვ პატარძალს ჰგავს. ის პირბადეს მხოლოდ მაშინ აიხდის, როცა დანამდვილებით იცის, რომ მნახველი კარგი თვალით შეხედავს.

- როცა მდინარეს შორიდან უყურებ, კიმია, ასე გგონია, მასში მხოლოდ ერთი დინებაა, მაგრამ თუ ჩაყვინთავ, მიხვდები - ერთ მდინარეში რამდენიმე მდინარე ჩქეფს. ჰო , იქ უამრავი ნაკადია, ყველა მათგანი თავის გზასავალს მიჰყვება, თუმცა გვერდიგვერდ, მაგრამ ცალ-ცალკე.

182 skatījumu
 
komentāri
Likuna1992 13.03.2017

Sruli versia sad deva rom wavikitxo?

tokkaa 06.02.2017

dzan magaria girda wakitxva

sani- 06.03.2017

tadala 21.04.2016

"რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორაც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი.
ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის!

13lika13 15.02.2014

dzalian saintereso wignia,,,siyvaruli sicocxlis wyalia,xolo sheyvarebuli adamiani-cecxlis suli.samyaro sxvagvarad iwyebs brunvas,roca cecxls wyali sheuyvardeba,,

salloo salloo 15.02.2014

namdvilad girs am wignis wakitxvaa :)))

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes