სოფლის ჩანახატები
58, Tbilisi, Georgia

  გუშინ, დილას, მიწას მიაბარეს ქათმის წიწილა, რომელიც ძროხის ფუნებში დაიღრჩო... 
ის, მე შევნიშნე, წელამდე ნახევრად ჩაფლული, გაშლილი პატარა ფრთებით. ალბათ, ბოლომდე ებრძოლა - ინერტულ, უსიცოცხლო და მყრალ მასას. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ მისი ერთი ბეწო ძალები ამას გასწვდებოდა. სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე დაუძლურებულს, ალბათ გული გაუსკდა, ან იქნებ გაუგუდა. 
გული მეტკინა და ბევრ რამეზე დავფიქრდი...  

მხოლოდ კალიების და ჭიაღუების მჭამელი კნაჭა ფეხებიანი, თხელ-თხელი ინდაური, რომელიც ჯერ ისევ პატარაა და იმდენად გრაციოზული, რომ ნებისმიერ არისტოკრატ ქალბატონს შეშურდებოდა მისი მანერების, დღესაც საოცარი ჰაეროვნებით და სინარნარით მოაბიჯებდა მწვანე მოლზე, და ის-ის იყო ფრთების ნაზად გასაშლელად მოემზადა, რომ საიდანღაც, უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მიწას მოსწყვიტა და უხეში ძალდატანებით ჩირგვებში გადაისროლა. უნებურად სიცილი წამსკდა. წარმოვიდგინე, ეს რომ ვინმე სხვას ჩაედინა როგორ იუკადრისებდა, რა ამაყი მზერით და ამრეზით ჩაუვლიდა გვერდით ამის ჩამდენს. 
საოცარია, რამდენი კარგი მანერის სწავლაა შესაძლებელი, თუნდაც ამ პატარა და უნიკალური ინდაურისაგან.

პირადი დაკვირვებით, ჩემი სოფლის მცხოვრებლები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან. პირველნი, ვინც ბავშვობიდან, წლიდან-წლამდე, არაადამიანურმა შრომამ და ამ შრომის შედეგად მიღებულმა დაბალმა ნაყოფმა გამოფიტა, ფიზიკურად წელში გატეხა, მათაც, ხელები ჩამოუშვეს და საკუთარი ბედი ცხოვრების დინებას და ალკოჰოლს მიანდეს; მეორენი, რომელთაც, ჯერ ისევ შეუძლიათ მომქანცველი შრომა, თუმცა გაბოროტდნენ და ადამიანებს აღარ ენდობიან; მესამენი, რომლებმაც როგორღაც მოახერხეს და ამ პირობებშიც, მეტ-ნაკლებად არ უჭირთ, ადამიანური სახეც თითქოსდა შეინარჩუნეს, თუმცა სულიერად იმდენად განიძარცვნენ, რომ მათთან ურთიერთობისას ერთი სურვილი გიჩნდება - გაიქცე, მათგან რაც შეიძლება შორს და რაც შეიძლება სწრაფად ... 
სულ ვფიქრობ, სად წავიდა ის ბრძენი, გლეხი კაცი, რომელზეც ჩვენი ქვეყანა იდგა?!


20 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes