06.06.2013
:0:(:)
36, Tbilisi, Georgia

ამ გენადი ონიშჩენკოს, მგონი, საქართველოში უფრო მეტად ვიცნობთ, ვიდრე თავის მშობლიურ რუსეთში იცნობენ - წინა მთავრობა ხომ მაგას აბრალებდა საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებს და ლამის პუტინზე უარეს მონსტრად გვიხატავდა, ახალმა კი საერთოდ, ბოდიში მოუხადა, ვიღაცას რაღაც აუგი რომ წამოსცდა, როდესაც იკადრა და სპეციალისტების ჯგუფი გამოგზავნა ქართული ღვინოების ადგილზე შესამოწმებლად (ამის შესამოწმებელი რომ გახდება ხვანჭკარა და საფერავი).
უარესის ღირსები ვართ, ვიცოდი, ვამბობდი და ვწერდი კიდეც: აზრი არ აქვს, მაგ კაცს მაინც ვერაფერს დაანახვებთ-მეთქი, და აჰა, - ღვინის დაყენება არ იცით და რა კარგ ყურძენს აფუჭებთო, - ქართველ ჟურნალისტს უთხრა პრესკონფერენციაზე, - მანდარინი თქვენ არ გივარგათო და ქინძის მოყვანა ხომ ჩვენც ვისწავლეთო!..
ეს მართლა ქინძი, ესა!

მეორე მხრივ, რას ვერჩით ამ ონიშჩენკოს? როგორც შესავალში ვთქვი, ჩემ გარდა, სხვაც ხომ ბევრი ამბობდა, მაგასთან თანამშრომლობა არ გამოვაო?! ვეღარ უნდა გავიგოთ, რომ ამასთან და ამის ქვეყანასთან მხოლოდ "ჩერეზ შვეიცარიუ" უნდა გვქონდეს კავშირი?

კარგი, ჯანდაბას ონიშჩენკოს თავი - კარგი ამბებიც ვთქვათ: კალაძის გამოსათხოვარ მატჩზე მსოფლიო ფეხბურთის "ვარსკვლავთცვენა" ვნახეთ: სხვადასხვა დროის სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრების თითქმის 20 (ოცი!!!) კაპიტანი ვიხილეთ იმ დღეს "დინამოს" მინდორზე! 20 კაპიტანი და ენერგეტიკის 1 მინისტრი!
მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ არ შეიძლება, რომ რამე ბოლომდე კარგად იყოს? ჰოდა, ის საფეხბურთო კვირა ჩვენი ნაკრების (არა ვეტერანების) ირლანდიაში განადგურებით დასრულდა - 0:4!
ღმერთმა ქნას, ამ "პროვოკაციის" დაწერასა და გამოქვეყნებას შორის შუალედში, ოთხშაბათს დანიაში არ შერცხვეს ქეცბაიას გუნდი, მაგრამ ვეჭვობ... აღარ გავაგრძელებ ფეხბურთზე საუბარს, იქნებ ბევრს არ გაინტერესებთ, მხოლოდ ერთს დავძენ: ეს ის გუნდია, რომელზეც ფედერაცია ამბობდა (ზვიად-დომენტი სიჭინავა), - ქეცბაიამ დაცვა მაინც ასწავლაო! ნულით ოთხი! ოთხი, დომენტი, ოთხი - ერთი, ერთი და კიდევ ორი! ოთხი გოლი - დაცვა რომ "ისწავლა", იმ გუნდის კარში.

კიდევ ერთხელ მაპატიეთ - მიყვარს ეს ოხერი და რა ვქნა (დომენტი კი არა, ფეხბურთი)...
სამაგიეროდ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ქართველი პროგრესული ახალგაზრდა შეიკრიბა და მარტივი და გენიალური გამოსავალი შესთავაზა ქვეყანას: მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია! უფრო გასაგებად: პლანის მოწევაზე სასჯელი აღარ იყოს, დაბოლდი და დაიკიდე ონიშჩენკოც, სამასი მეტრით გადმოწეული საზღვარიც, 0:4-ც და საერთოდ ყველაფერი! უფრო მეტიც - არა მხოლოდ დაიკიდე, არამედ მაგრა იკაიფე კიდეც ამ ყველაფერზე და იცინე, იცინე, მოკვდი სიცილით (ქართულ ზღაპარში მელია რომ იცინის - კვდება სიცილით და ბოლოს რომ გაიჩალიჩებს და მართლა მოკვდება).

არადა, ხანდახან ისეთ რამეს მოკრავ თვალს, არაფრის მოწევა არ გჭირდება: მაგალითად, შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობიდან გამოდის კმაყოფილი სახით (იქ ალბათ უკვე დეკრიმინალიზებულია ის ამბავი და "პატივი სცეს")! ერთი უნდა ვცადო - მგონი, მაგ შენობაში ყველას უშვებენ...
ან თუნდაც ვანო მერაბიშვილის მოთხოვნა - დიდი ხნის ოცნება ამიხდა, თავისუფალი დრო მაქვს და საკანში წიგნები შემომიტანეთო! აჰა, მოწიე ნახევარი "მასტერკა", დაჯექი და იცინე. მეტი რა გინდა?!
არ ვიცი, მართალია თუ არა (ახლა ვამოწმებ), მაგრამ ერთი სერიოზული კაცი (ყოფილი მინისტრი, "ნაციონალი") სრული სერიოზულობით ამტკიცებს: ისტორიის წიგნი შეუტანა ადვოკატმა მერაბიშვილს და ზედამხედველმა წიგნში ჩაკეცილი, ძველი საბერძნეთის რუკა ჩამოართვა - აკრძალულ ნივთთა ჩამონათვალშია რუკაო (ციხიდან გაქცევის გეგმა ეგონა).
ეტყობა, ვანოს მოსწყინდა წიგნის კითხვა და ორ დღეში ტელევიზორი მოითხოვა!
- ტაში, კუკურიიიიი! - უპასუხა ამაზე თეა წულუკიანმა. - თუ კარგად მოიქცევი, მაშინ ტელევიზორსაც შემოგიტანთ და თუ კიდევ უკეთესად, მაშინ ჩაგირთავთ კიდეცო...

P.S. ამასობაში კი ჰაერში, ზაფხულის ხვატთან ერთად, მორიგი დაჭერების სურნელი დატრიალდა... ქ-მა ჩერგოლეიშვილმაც იგრძნო ეს და ღიად მიმართა ივანიშვილს: დაიჭირეთ გიგა ბოკერია, კი მომენატრება, მაგრამ პოლიტპატიმრის ცოლობაც ხომ უნდა გამოვცადოო!

გიგა ბოკერიას ჯვარი წერია, თუ დამნაშავე არ არის, მხოლოდ ჩერგოლეიშვილის მეუღლეობის გამო რატომ უნდა დაიჭირონ, მაგრამ მართლა მაინტერესებს: ამ ხალხს ნამდვილად ჰგონია, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია?!
ჰმ, ეტყობა, "დეკრიმინალიზაცია" მართლა კარგი რამეა: "ავაფეთქებ" ხოლმე მეც და სულ კაი-კაი რამეები "მეგონება"!

16 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes